ცესკო და სწავლების ცენტრი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს. ამ ეტაპზე, სწავლების ცენტრი საარჩევნო სამართლის დარგში შემუშავებულ საავტორო პროგრამას 7 პარტნიორ უნივერსიტეტში განახორციელებს.
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროექტი შემდეგ უნივერსიტეტებს მოიცავს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სასწავლო პროცესს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ლექტორები უძღვებიან. იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები შემდეგ საკითხებს გაეცნობიან: საქართველოს საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩო და საერთაშორისო სტანდარტები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების სახელმძღვანელო პრინციპები; საარჩევნო სისტემები და არჩევნების მართვის ორგანოები - საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა; საქართველოში არჩევითი სახელმწიფო ორგანოები და არჩევის შიდასახელმწიფოებრივი რეგულაციები; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა და მუშაობის წესი; ამომრჩეველთა სიების ფორმირება; ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები და მათი უფლებრივი მდგომარეობა; წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია); არჩევნების გაშუქება; ელექტრონული არჩევნები; ხმის მიცემის პროცედურები; კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება; საარჩევნო დავები; რეფერენდუმი და პლებისციტი.
პროგრამის მიზანია თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მომზადება და ზოგადად, ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის განმტკიცება, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ პრიორიტეტებს ეხმიანება.
2025 წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 8 უნივერსიტეტის 348 სტუდენტმა. ცესკო და სწავლების ცენტრი სასწავლო პროექტს 2010 წლიდან ახორციელებს, თბილისსა და რეგიონებში მოქმედ პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დღემდე პროგრამა 9400-მდე სტუდენტმა გაიარა.
