ცესკოს სწავლების ცენტრი აგრძელებს პროაქტიულ თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორთან და ახალი ინიციატივის სახით ატარებს ორ ეტაპიან სატრენინგო პროგრამას - „გენდერი და არჩევნები“, რომლის ფარგლებში ტრენინგს გაივლის 2015 წელს საგრანტო კონკურსების ფარგლებში საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარების მიმართულებით საგრანტო პროექტების განმახორციელებელი 27 არასამთავრობო ორგანიზაციის 55 წარმომადგენელი.
საინფორმაციო-სასწავლო პროგრამით განსახილველი ძირითადი საკითხები უკავშირდება გენდერული თანასწორობის მიმართულებით ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვას, საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის ისტორიულ ექსკურსსა და თანამედროვეობას, საარჩევნო სისტემების განხილვას, მათ შედარებით ანალიზსა და გავლენას კვოტირებასთან მიმართებაში. ეფექტიან სასწავლო შედეგზე ორიენტირებით, ტრენინგი მიმდინარეობს პრაქტიკული და ინტერაქტიული მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომლის პირობებშიც მნიშვნელოვანია მონაწილეთა გამოცდილების გაზიარება.
წარმოდგენილი ინიციატივის მიზანია, ხელი შეეწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას, მათ შორის, მათ მიერ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების, საინფორმაციო კამპანიების, გადაცემების ან სხვა ღონისძიებების განხორციელების პროცესში გენდერული ასპექტების გათვალისწინებას.
ტრენინგი იმართება ორ ეტაპად, ყვარელში, სასტუმრო ყვარლის ედემში, 2015 წლის 21-25 დეკემბერს. ტრენინგს ატარებენ სწავლების ცენტრისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) თანამშრომლები. ტრენინგის დასრულების შემდეგ 25 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში გაიმართება 2015 წლის 21 ივლისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტების შემაჯამებელი პრეზენტაციები.