საარჩევნო ადმინისტრაცია „საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს“ მფლობელია. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების მართვის ნომინაციაში გაიმარჯვა; მექსიკაში, პუერტო-ვალარტაში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე პრიზი ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას გადაეცა. აღნიშნულ ნომინაციაში ასევე იყვნენ წარდგენილები აშშ-ს, ილინოისის შტატის ქუქის საარჩევნო ოლქის და ინდოეთის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოზე წარადგინა პროგრამა საარჩევნო პროცესის მართვის სისტემა (EPMS), რომელიც საარჩევნო ოპერაციების მართვასა და მონიტორინგზეა ორიენტირებული. ეს ინოვაციური პროგრამა ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ევროკავშირის და გაეროს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შექმნა 2011 წელს. 2012 წელს კი პროგრამა პირველად გამოიყენეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის. 2012 წლის შემდეგ, პროგრამის დახვეწა/გაუმჯობესების მიზნით არაერთი სამუშაო შესრულდა; EPMS-ი მუდმივად უწყობს ხელს ადმინისტრაციას საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში, მათ შორის კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტივობის დროულად მიღებაში, მონაცემთა გადაცემის პროცესში, არჩევნების შედეგების დროულად გამოქვეყნებაში და ა.შ.
EPMS-ი მიზანმიმართულია ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციას: საარჩევნო პროცესების დაგეგმვასა და დანერგვაში, ინფორმაციის გაცვლასა და საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეს შორის კოორდინაციაში, ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვაში, საარჩევნო სტატისტიკური მონაცემების გენერირების პროცესში და ა.შ.
საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოების ცერემონია, უკვე რამდენიმე წელია რაც საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება; რიგით მეთერთმეტე სამდღიან სიმპოზიუმზე, რომელშიც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მონაწილეობდნენ, რამდენიმე მიმართულების მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხები განიხილებოდა: საარჩევნო ადმინისტრაციების ტრენინგების მეთოდოლოგიის გაუმჯობესება, არჩევნების დაფინანსების გამჭვირვალობა, საარჩევნო დავების ეფექტური გადაწყვეტა და ა.შ. საარჩევნო დავების თემის განხილვის ნაწილში თამარ ჟვანიამ ამ მიმართულებით არსებულ საქართველოს წარმატებულ გამოცდილებაზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:http://awards.electoralnetwork.org/shortlist.php