ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი იწყებენ საპილოტე პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, რომელიც განხორციელდება მიმდინარე წლის - 24 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, კერძოდ, 4 მუნიციპალიტეტში - მარნეული, ლაგოდეხი, ახალციხე, ახალქალაქი. სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ან/და საარჩევნო განვითარების სკოლის სერტიფიკატი. მონაწილეთა ჯგუფების შედგენისას გათვალისწინებული იქნება გენდერული თანასწორობის პრინციპი.
აღნიშნული კურსი ორდღიანია და ითვალისწინებს კენჭისყრის პროცედურების შესწავლას, რაც ემსახურება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას. ტრენინგებს სწავლების ცენტრის ტრენერები და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაუძღვებიან.
კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია (იხ. აპლიკაციის ფორმა) და წარადგინოთ პროექტის განხორციელების ადგილის მიხედვით საოლქო საარჩევნო კომისიაში, 9-დან 16 ნოემბრის ჩათვლით. აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცესკო და სწავლების ცენტრი საპილოტე პროექტს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51
საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც განხორციელდება აპლიკაციების მიღება:
მარნეული, რუსთაველის ქ. №69
ლაგოდეხი, ზაქათალას №44
ახალციხე, რუსთაველის ქ. №45
ახალქალაქი, ჯავახიშვილის №2
საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2015
საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2015 (აზერბაიჯანულენოვანი)
საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2015 (სომხურენოვანი)