ევროპის საბჭოს (CoE), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OSCE) და ალბანეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიწვევით საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი მიმდინარე წლის 1-3 აპრილს, ექსპერტის სტატუსით ალბანეთში, ქ. ტირანაში იმყოფებოდა.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სწავლების ცენტრის დირექტორი შეხვდა ალბანეთის ცესკოს წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების (CoE, OSCE) წარმომადგენლებს, ცესკოს სასწავლო დეპარტამენტის თანამშრომლებსა და ტრენერებს. შეხვედრაზე იმსჯელეს საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე, განხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით არსებული გამოწვევები და განისაზღვრა 2015 წლის 21 ივნისის ადგილობრივი არჩევნებისთვის ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგების პლატფორმის, მეთოდოლოგიისა და სახელმძღვანელოების დახვეწის კონკრეტული მექანიზმები.
სწავლების ცენტრის დირექტორმა გააკეთა მოხსენება საქართველოს სწავლების ცენტრის ფუნქციონირების ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა გამოცდილება საქართველოში განხორციელებული საარჩევნო სასწავლო პროგრამების შესახებ, მათ შორის სამოქალაქო განათლების მიმართულებით.
შეხვედრაზე დაისახა საქართველოს სწავლების ცენტრთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბების ხელშეწყობის კუთხით.