2015 წლის 10 თებერვალს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ააიპ ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელთან მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობა სახელმწიფო დაწესებულებასა და არასამთავრობო ორგანიზაციასთან მიზნად ისახავს ბავშვთა სახლებსა და ბავშვზე ზრუნვის სხვა ალტერნატიულ მომსახურებებში განთავსებული მოზარდებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნებში თითოეული ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის საკითხებზე, ასევე მათი ინფორმირების უზუნველყოფას საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების შესახებ და აქტივობის ზრდის წახალისებას არჩევნებზე.
2010 წლიდან ცესკოს სწავლების ცენტრი ახორციელებს ინტენსიურ სასწავლო პროგრამას საარჩევნო სამართლის დარგში 16 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული, ჟურნალისტიკისა და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. დღევანდელი ღონისძების ფარგლებში საარჩევნო სამოქალაქო განათლების მიმართულებით პროაქტიული თანამშრომლობის ინიციატივას ასევე შემოუერთდა სამი უნივერსიტეტი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი.