მედიის მიერ საარჩევნო პროცესების ეფექტიანად და მაღალკვალიფიციურად გაშუქების ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით ახორციელებს სასწავლო პროგრამას მედიის წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგის ფარგლებში ბეჭდური, ელექტრონული და სამაუწყებლო მედიის წარმომადგენლები ეცნობიან მედიის როლს საარჩევნო პროცესებში, კენჭისყრის დღის პროცედურებს, საარჩევნო პროცესის საინფორმაციო უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციებს და მედიის უფლებრივ მდგომარეობას.
არჩევნების გაშუქების ძირითად სქემებთან დაკავშირებით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტი მონაწილეებს აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო გამოცდილების შესახებ.
ამ პროექტის ფარგლებში 15-16 მაისს გუდაურში გამართულ ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო ცენტრალური მედიის 20 წარმომადგენელმა, 17 - 18 მაისს ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ ბათუში -რეგიონული მედიის 50 წარმომადგენელმა. 21 მაისს ქალაქ თბილისში გაიმართება მორიგი ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მედიის 30 წარმომადგენელი.
პროექტი ხორციელდება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან და რეგიონული მედიის ასოციაციასთან თანამშრომლობით.