მიმდინარე წლის 5 თებერვალს დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც ხორციელდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით.
სერტიფიცირების მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ტესტირება ელექტრონულ რეჟიმში და საკმარისი ქულების დაგროვების შემთხვევაში მიიღონ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.
გამოცდის ხანგრძლივობა ერთ საათს შეადგენს. თითოეული გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 30 საგამოცდო ტესტი შეირჩევა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.
15 იანვრიდან ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო ეხილა საგამოცდო ტესტები (რომლებიც უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისას), როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.
15 იანვრიდან 28 იანვარის ჩათვლით სერტიფიცირებისთვის 5290-მა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. ინტერნეტის მეშვეობით მსურველს სულ რამდენიმე წუთში შეეძლო რეგისტრაციის გავლა, გამოცდაზე გამოცხადების თარიღის და დროის შერჩევა.
გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირდა არასამთავრობო ორგანიზაცია, ”საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი” 3 დამკვირვებლით.