2013 წლის სექტემბერში გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი - „საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო 2013“. მსოფლიო დონის წარმომადგენლობით კონკურსში მონაწილეობა მიიღო მრავალი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებმა, რომლებმაც მათ მიერ შემუშავებული პროექტები წარადგინეს სხვადასხვა საარჩევნო ნომინაციებზე.
აღნიშნულ საერთაშორისო კონკურსში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სწავლების ცენტრმა წარადგინა პროექტი ნომინაციაზე - „პირველი ამომრჩეველი“, რომელშიც ასახული იყო ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო კულტურის განვითარების მიმართულებით სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები, მათ შორის, საქართველოს უნივერსიტეტებში დანერგილი მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი - „სასწავლო კურსი საარჩევნო სამართალში“.
2013 წლის 1 ნოემბერს საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოვების კომიტეტის გადაწყვეტილებით ნომინაციაზე - „პირველი ამომრჩეველი“ ფინალისტებად შეირჩა საქართველო - ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ წარდგენილი პროექტით, რუმინეთი და პერუს რესპუბლიკა.
ფინალისტთა შორის საბოლოო გამარჯვებულების დასახელება და დაჯილდოვების ცერემონია, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით, გაიმართა მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, მალაიზიაში, კუალა-ლუმპურში, სადაც მიწვეული იყვნენ სწავლების ცენტრისა და ცესკოს წარმომადგენლები.
საერთაშორისო კონკურსის ნომინაციაზე - „პირველი ამომრჩეველი“ ფინალისტებად შერჩეული ქვეყნების წარმომადგენლებს შორის გამარჯვებულად გამოცხადდა ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი - ნათია ზაალიშვილი წარდგენილი პროექტისათვის, რომელიც საარჩევნო დაჯილდოვების კომიტეტის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა 2013 წლის ყველაზე ინოვაციურ და ორიგინალურ პროექტად, რომელსაც გააჩნია გრძელვადიანი შედეგები ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო კულტურის განვითარების მიმართულებით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:
https://www.electoralnetwork.org/index.php/photos/album/international-electoral-awards-2013-malaysia