ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) აქტიურად აგრძელებენ საქმიანობას საარჩევნო სამოქალაქო განათლების მიმართულებით, რაც 2026 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული. ამ მიზნით შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს ეთმობა.
სწავლების ცენტრი მიმდინარე წლის სექტემბრიდან პარტნიორ უნივერსიტეტებში იწყებს საავტორო პროგრამის განხორციელებას საარჩევნო სამართლის დარგში. სასწავლო პროექტის ბენეფიციარები იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტები არიან.
პროგრამა ორიენტირებულია ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე და ამავდროულად, იმ უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რომელიც აუცილებელია ინფორმირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოსაყალიბებლად.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სილაბუსის მიხედვით სტუდენტები გაეცნობიან: არჩევნებთან დაკავშირებულ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს; არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკას; არჩევნების გაშუქების და საინფორმაციო უზრუნველყოფის მექანიზმს; არჩევნების მოდერნიზაციის პროცესს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით; საქართველოში არჩევნების ადმინისტრირების პროცესს და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სერვისებს. სწავლების შედეგები ფინალური გამოცდებით ფასდება.
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, პროგრამა 7 პარტნიორ უნივერსიტეტში განხორციელდება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ცესკოს, სწავლების ცენტრს და უნივერსიტეტების შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო სამართლის დარგში საავტორო პროგრამა 2010 წლიდან უწყვეტად ხორციელდება თბილისსა და რეგიონებში მოქმედ პარტნიორ უნივერსიტეტებში. დღემდე პროექტში მონაწილეობა 10 400-მდე სტუდენტმა მიიღო.
