2026 წლის 3 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადების პროექტის ფარგლებში, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის ინსტრუქტაჟი ჩაატარა. სამიზნე აუდიტორიას N25 წალკის, N53 ვანის, N18 ახმეტის და N24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობა წარმოადგენდა.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ ყურადღება გაამახვილეს ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიების თითოეული წევრის ჩართულობის მნიშვნელობასა და პროფესიული სტანდარტების დაცვაზე.
საინფორმაციო შეხვედრა 16 სექტემბერს განხორციელდა. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის სპეციალიზებული პროგრამა ჰიბრიდული ფორმატით ჩატარდა (დისტანციური ტრენინგი და პრაქტიკული სწავლება ადგილზე კომისიების შენობებში).
სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა დისტანციურად გამართული საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებთან დეტალურად განიხილეს საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატს მიკუთვნებული საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები. ყურადღება შემდეგ ძირითად მიმართულებებზე გამახვილდა: საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტები და დაკვირვების უზრუნველყოფა; ამომრჩევლის უფლებების დაცვა და ინკლუზიური საარჩევნო გარემო; საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია; საარჩევნო უბნების მომზადება და ტექნიკური უზრუნველყოფა; არჩევნების შედეგების შეჯამება, გადამოწმება და ხელახლა დათვლა; კენჭისყრის დღის განცხადებების, საჩივრების განხილვა და პროცესში მხარის ჩართულობის უზრუნველყოფა.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, N25 წალკის და N53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ასევე ჩატარდა ელექტრონული აპარატების მუშაობის დემონსტრირების პროცესი. პრაქტიკული მუშაობის კომპონენტი დისტანციური შეხვედრის დასრულების შემდეგ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებში გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ფუნქციონალი.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ჩატარებულ საინფორმაციო-სასწავლო პროექტში მონაწილეობა ჯამში 43-მა წევრმა მიიღო.