ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის მორიგი მასშტაბური საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა განახორციელა.
პროექტი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ 2026 წლის 1 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. მის მთავარ მიზანს პედაგოგებისთვის საარჩევნო სწავლების მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, საარჩევნო პროცესებისადმი ახალგაზრდა თაობის დაინტერესების ზრდისა და მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს.
წელს პროექტმა ახალი მასშტაბები შეიძინა და ჯამში 28 მუნიციპალიტეტი მოიცვა. საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა საჯარო სკოლების 522-მა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა იყო ინკლუზიური, რაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების ჩართულობით გამოიხატა. კერძოდ, ლაგოდეხის, მარნეულის, წალკის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებიდან კურსი საჯარო სკოლების 114-მა პედაგოგმა გაიარა.
პროექტი ასევე წარმატებით განხორციელდა სიღნაღის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, რუსთავის, გორის, ხაშურის, ადიგენის, ცაგერის, ლენტეხის, ონის, ზესტაფონის, ქუთაისის, ხონის, ბაღდათის, საჩხერის, ტყიბულის, აბაშის, ფოთის, ჩხოროწყუს, ქობულეთის, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.
პროგრამის ფარგლებში, სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა პედაგოგებთან განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და პოლიტიკური კულტურის ასპექტები; არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები.
საარჩევნო მიმართულებით საჯარო სკოლებში უწყვეტი განათლების მიზნით, პედაგოგებს გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სპეციალური დამხმარე რესურსი, რომელიც თემატურ საკითხავ მასალას, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და მეთოდოლოგიურ მითითებებს აერთიანებს. მონაწილეებმა პროგრამა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მიღებულ პრაქტიკულ გამოცდილებას აქტიურად გამოიყენებენ საგაკვეთილო პროცესში.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით 2024 წლიდან ხორციელდება. დღემდე პროგრამა „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ 1500-ზე მეტმა პედაგოგმა გაიარა.