2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის პერიოდში, ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა და სწავლების ცენტრმა საოლქო საარჩევნო კომისიების იურისტები გადაამზადა.
აღნიშნული აქტივობა საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ პრიორიტეტს ეხმიანება, მიზნად ისახავს საოლქო საარჩევნო კომისიების საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შესაძლებლობების გაძლიერებას და ერთგვაროვანი პრაქტიკის გაზიარებას.
ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა იოსებ ლომაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკანონმდებლო ცვლილებები, განიხილეს საარჩევნო დავების წარმოების ერთგვაროვანი პრაქტიკა და საარჩევნო დავებთან დაკავშირებული ონლაინ სერვისები.
ტრენინგი ასევე მოიცავდა პრაქტიკული სწავლების კომპონენტს. სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის წარმომადგენელმა, დავით მაკარიძემ, კაზუსების განხილვის მაგალითზე საოლქო საარჩევნო კომისიების იურისტებთან ერთად იმსჯელა საარჩევნო დავების გადაწყვეტის მეთოდოლოგიაზე.
პროგრამა 18-20 სექტემბრის პერიოდში დისტანციურ ფორმატში განხორციელდა. მასში მონაწილეობა საოლქო საარჩევნო კომისიების 64-მა იურისტმა მიიღო.