2025 წლის 9 სექტემბრიდან ტრენინგების II ეტაპი იწყება იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე. აღნიშნულ ეტაპზე სამიზნე აუდიტორიას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები წარმოადგენენ.
სწავლების ცენტრის ტრენერები მონაწილეებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას არჩევნების ადმინისტრირების პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების როლისა და უფლებამოსილებების შესახებ. განიხილება შემდეგი ძირითადი ასპექტები:
- საუბნო საარჩევნო კომისიის მზადება კენჭისყრის დღისთვის (საოლქო საარჩევნო კომისიისგან მისაღები საარჩევნო დოკუმენტაცია/ინვენტარი, კენჭისყრის შენობის მოწყობა, ფოტო-ვიდეოგადაღების ადგილის გამოყოფა);
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის პროცესში გასათვალისწინებელი პროფესიული სტანდარტები (კანონიერების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, პროფესიონალიზმის პრინციპები, ეთიკა);
- ამომრჩევლისთვის სერვისის უზრუნველსაყოფად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ კენჭისყრის დღეს შესასრულებელი ფუნქციების განაწილების წესი და მათი შესრულების ტექნიკა (ნაკადის მომწესრიგებლის, რეგისტრატორების, სპეციალური კონვერტებისა და საარჩევნო ყუთის ზედამხედველი კომისიის წევრის, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების ფუნქციები);
- საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა აქტივობის დადგენა;
- საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების პროცედურა (საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის/ბათილობის საფუძვლები; საეჭვოდ მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენზე საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი);
- ხმის დათვლის პროცესში დამკვირვებლებისგან გამოვლენილი მეთვალყურეების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათ მიერ განსახორციელებელი დაკვირვების ფარგლები.
მონაწილეები ასევე გაეცნობიან კენჭისყრის დღეს შესაძლო პროცედურული რისკების პრევენციისა და მართვის მექანიზმებს. ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება - კომისიის წევრები ეპიზოდური ინსცენირებების ფარგლებში განახორციელებენ შესაბამის ფუნქციებს, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კი პრაქტიკაში მოახდენს კენჭისყრის ადმინისტრირებისთვის განკუთვნილი პლანშეტის მართვის დემონსტრირებას.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები II ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 2025 წლის 9-20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.