2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის, საქართველოს მასშტაბით შექმნილი 3051 საუბნო საარჩევნო კომისიიდან 767 საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრას საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე წარმართავს. პროცედურული სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული საარჩევნო კომისიებისთვის სწავლება ოთხ ეტაპად განხორციელდება.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო კონცეფციის მიხედვით, 2025 წლის 29 აგვისტოდან იწყება პროგრამის I ეტაპის განხორციელება, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) გადამზადებას ეთმობა. სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ საფუძვლიან ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე პერიოდში ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისების და კენჭისყრის ადმინისტრირების პროცესში პლანშეტის მართვასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ. კურსის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:
- ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისის უზრუნველყოფის მექანიზმები (ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროება; ამომრჩევლის ბარათების დარიგება);
- ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის სერვისის უზრუნველყოფის მექანიზმები (ამომრჩეველთა/სხვა უფლებამოსილი პირების განცხადებების მიღება/რეგისტრაცია და რეაგირებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნა; სიაში ცვლილების შეტანის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროება);
- გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისის უზრუნველყოფის მექანიზმები (ამომრჩეველთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია და მათ საფუძველზე ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანა; გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროება);
- ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის კენჭისყრაში მონაწილეობის ხელშეწყობის სერვისის უზრუნველყოფის მექანიზმები (ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში შეყვანის მოთხოვნით ამომრჩეველთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია და რეაგირებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნა; სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროება);
- საქმისწარმოების წესი საუბნო საარჩევნო კომისიაში (საქმისწარმოების სტანდარტიზაციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესის შესახებ, განიხილება საქმისწარმოების მიზნით შემუშავებული აქტების/ფორმების სტრუქტურა და მათი შევსების წესი);
- კენჭისყრის ადმინისტრირების პროცესში პლანშეტის მართვა (პლანშეტში ჩატვირთული ცესკოს აპლიკაციის ფუნქციები, მათი გამოყენების მიზნობრიობა და კენჭისყრის დღის ის პერიოდები, როდესაც ხდება პლანშეტში ამ ფუნქციების გააქტიურება).
ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის თემატური სავარჯიშოს შესრულება, მათ შორის ყურადღება გამახვილდება კენჭისყრის პროცესში ინტეგრირებული ელექტრონული აპარატის/პლანშტის ფუნქციონალზე და კენჭისყრის ადმინისტრირების პროცესში მისი მართვის უნარების განვითარებაზე. ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან ცესკოსთვის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლების გადაგზავნის პროცესში რისკების მართვის მექანიზმს.
I ეტაპის ტრენინგების გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. გრაფიკებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.