ცესკო და სწავლების ცენტრი აქტიურად განაგრძობს საქმიანობას საარჩევნო სამოქალაქო განათლების მიმართულებით, რაც 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად პრიორიტეტულ ამოცანად არის განსაზღვრული. ამ მიზნით შემუშავებული კონცეფციის მიხედვით განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდებს ეთმობა.
მიმდინარე ეტაპზე, სწავლების ცენტრმა 8 პარტნიორ უნივერსიტეტში საარჩევნო სამართლის დარგში შემუშავებული საავტორო პროგრამა განახორციელა. 2025 წლის გაზაფხულის სემესტრული სწავლება იურიდიული, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის III-IV კურსის სტუდენტებმა გაიარეს.
ახალგაზრდები არჩევნებთან დაკავშირებულ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს და საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკას გაეცნენ. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩევნების მოდერნიზების მიზნით შემოტანილ ელექტრონულ ტექნოლოგიურ სიახლეებს და 2025 წლის 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისების გაცნობას.
2025 წლის გაზაფხულის სემესტრული სწავლება პარტნიორი უნივერსიტეტების (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობა; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) 348 სტუდენტმა გაიარა (ქალი-222; კაცი-126). მონაწილეებმა პროგრამა პოზიტიურად შეაფასეს, აღინიშნა რომ სასწავლო კურსი ეფექტიანად უწყობს ხელს როგორც დარგობრივი ცოდნის შეძენას, ისე ზოგადად საარჩევნო კულტურის ამაღლებას ახალგაზრდებში.
ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს თბილისსა და რეგიონებში მოქმედ პარტნიორ უნივერსიტეტებში 2010 წლიდან ახორციელებს. დღემდე, სასწავლო პროგრამა 9400-მდე სტუდენტმა გაიარა.
