2024 წლის 8 ოქტომბერს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის (ENEMO) საარჩევნო ადმინისტრაციის ანალიტიკოსს ბეატრიქს ბუნექამპს შეხვდა.
შეხვედრის განხილვის საგანი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროექტები იყო, რომლის მიზანი საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების, სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ხელშეწყობას უკავშირდება.
სწავლების ცენტრის დირექტორმა დეტალურად განიხილა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამები. საარჩევნო კომისიების კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების ხელშეწყობის საკითხზე, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სერტიფიცირების საგამოცდო ციკლის შესახებ, რომლის ადმინისტრირება სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში უწყვეტ რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით განახორციელა.
ნათია ზაალიშვილმა ყურადღება გაამახვილა ამომრჩეველთა მასშტაბური ინფორმირების კამპანიის მექანიზმებზე და ჩართული მხარეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებით განხორციელებულ საინფორმაციო-სასწავლო პროექტებზე, რაც მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ სიახლეებზე ინფორმირებას, სიახლეებთან ადაპტაციის ხელშეწყობას და ერთგვაროვანი აღქმის ჩამოყალიბებას შესაბამის რეგულაციებზე.
შეხვედრის დასასრულს, სწავლების ცენტრის დირექტორმა არჩევნების მონიტორინგის ორგანიზაციების ევროპული ქსელის ანალიტიკოსს გადასცა საარჩევნო სიახლეებზე ორიენტირებით მომზადებული საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები, ნათარგმნი ინგლისურ ენაზე.
სწავლების ცენტრი მნიშვნელოვნად აფასებს ინსტიტუციის საქმიანობის მიმართ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მაღალ ინტერესს, რაც საერთო მიზანს - დემოკრატიული საარჩევნო პროცესების მხარდაჭერას ემსახურება.