საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მალდივის რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებს დააკვირდნენ.
საქართველოს დელეგაცია, რომელშიც ცესკოს წევრი გიორგი ჭიქაბერიძე, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) დირექტორი ნათია ზაალიშვილი, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ეზუგბაია, შედიოდნენ, მალდივის რესპუბლიკაში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ორგანიზებულ ბრიფინგებს დაესწრნენ. არჩევნების დღეს ისინი მონიტორინგს უწევდნენ საარჩევნო უბნების გახსნას, კენჭისყრის მიმდინარეობას, ხმის დათვლისა და შეჯამების პროცესს.
პარლამენტის არჩევნები მალდივის რესპუბლიკაში 2024 წლის 21 აპრილს ჩატარდა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობა მალდივის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის ოფიციალური მოწვევით მიიღეს.