კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდასაჭერად, ცესკო და სწავლების ცენტრი საინფორმაციო-სასწავლო პროექტების განხორციელებას აგრძელებს.
მიმდინარე ეტაპზე, საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისა და წევრებისთვის დაიგეგმა პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. აღნიშნული ინიციატივა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და საარჩევნო რეფორმის შესაბამისად მიზნად ისახავს საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას.
პროექტის არეალი მასშტაბურია, მისი განხორციელება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი. მოსამზადებელ ეტაპზე, სწავლების ცენტრი, 2024 წლის 8-26 აპრილის ჩათვლით პერიოდში, 169 ტრენერს გადაამზადებს. იმპლემენტაციის ეტაპზე, მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში, ტრენერები „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებს“ ორ პროფილური მიმართულებით ჩაატარებენ:
საინფორმაციო-სასწავლო კურსის ფარგლებში შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილება: საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებული ძირითადი საკანონმდებლო და ტექნოლოგიური სიახლეები; საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ელექტრონული აპარატებით კენჭისყრის პროცესის წარმართვა, აპარატების მართვის ტექნიკური უნარები და მათი გამოყენებით ამომრჩევლების მომსახურება; ხმის მიცემის ფარულობა და ამ მიმართებით კომისიის მანდატის ფარგლებში შესასრულებელი საქმიანობის მნიშვნელოვანი ასპექტები. პროგრამა პრაქტიკული სწავლების კომპონენტს ეფუძნება, მონაწილეები სატრენინგო/სატესტო რეჟიმში განახორციელებენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების და კენჭისყრის წინასწარი შედეგების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტური კომპიუტერების მართვას.
პროექტისთვის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ ტრენერთა გადამზადებას სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით ახორციელებს.