ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში საარჩევნო ადმინისტრაციის, საპარლამენტო ასამბლეისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან, საარჩევნო გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.
დღეს, დელეგაციის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო სწავლების ცენტრის დირექტორს ნათია ზაალიშვილს შეხვდნენ. მან დელეგაციის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სწავლების ცენტრის ინსტიტუციური მოწყობის და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, განიხილა ამომრჩევლებისთვის, არჩევნებში ჩართული მხარეებისა და საარჩევნო კომისიებისთვის დანერგილი სასწავლო პროგრამები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდების ადმინისტრირების პროცესი, ასევე გააცნო საარჩევნო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებით არასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდისთვის შემუშავებული სატრენინგო კონცეფციები.
ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ირენა ჰადჯიაბდიჩმა აღნიშნა, რომ დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესებულია საქართველოს საარჩევნო სწავლების ცენტრის მუშაობით, რადგან გეგმავენ მსგავსი ინსტიტუციის ჩამოყალიბებას და მათთვის არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს სწავლების ცენტრის მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკის გაცნობა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს, რომლებმაც დელეგაციის წევრებს გაუზიარეს ინფორმაცია ელექტრონული არჩევნების დანერგვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების, საკანონმდებლო სიახლეების, არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის შესახებ. დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობას.
ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ეუთოს ეგიდით ხორციელდება.