ცესკომ და სწავლების ცენტრმა, 2024 წლის 12-29 თებერვლის პერიოდში, საჯარო სკოლებში მასშტაბური საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განახორციელა. პროექტმა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 353 საჯარო სკოლა მოიცვა.
საარჩევნო რეფორმის გათვალისწინებით განახლებული პროგრამის ფარგლებში XI-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ ძირითად საკითხებზე: არჩევნების მოდერნიზაცია და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა; კენჭისყრის პროცესის საარჩევნო ტექნოლოგიებით (აპარატებით) ჩატარების სიახლეები; ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და მათთვის დანერგილი საარჩევნო სერვისები; საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და საარჩევნო აპარატების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესში შშმ ამომრჩევლების დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა. მოსწავლეებმა პრაქტიკული სწავლებაც გაიარეს, მათი მონაწილეობით იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.
პროექტის იმპლემენტაცია სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 101 ტრენერმა უზრუნველყო. ახალგაზრდებმა კურსი პოზიტიურად შეაფასეს. უკუგების ფორმატში მათ აღნიშნეს, რომ არჩევნების შესახებ სკოლის ასაკიდანვე მიღებული სასარგებლო ინფორმაცია ხელს უწყობს ახალგაზრდების საარჩევნო სიახლეებთან ადაპტაციას და მათ აქტიურ, ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბებას.
საინფორმაციო-სასწავლო კურსი 353 საჯარო სკოლის 7412 მოსწავლემ გაიარა (ქალი-3031; კაცი-4381), მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, გარდაბანი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა) განლაგებული 54 საჯარო სკოლის 1085 მოსწავლემ (ქალი-658; კაცი-427).
პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება, მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას. დღემდე საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 1706 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 33500-მდე მოსწავლემ გაიარა.
ცესკო და სწავლების ცენტრი გულითად მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, საჯარო სკოლების დირექციასა და მოსწავლეებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.