2024 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ცესკო და სწავლების ცენტრი სერტიფიცირების ახალ ციკლს იწყებს.
29 იანვრიდან გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სერტიფიცირების გამოცდების ჩატარება საქართველოს მასშტაბით გახსნილ 8 საგამოცდო ცენტრში: თელავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა.
სიახლის სახით, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნებისთვის, სწავლების ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე. გამოცდა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდება და ნათარგმნი საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სერტიფიცირების პროცესში.
ტესტები ხელმისაწვდომია ბმულებზე:
აღნიშნული ტესტები შედგენილია პროფილურად - საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ფუნქციების შესაბამისად, მოიცავს საკითხებს საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, მათ შორის, ითვალისწინებს კითხვებს კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტებზე.
სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაციის პერიოდია 2024 წლის 17-23 იანვარი. გამოცდის ჩაბარების მსურველ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცდაზე დარეგისტრირდნენ დისტანციურად, ან გამოცდის სამდივნოების მეშვეობით. დისტანციური რეგისტრაციის ბმული სწავლების ცენტრის საიტზე განთავსდება და გააქტიურდება 2024 წლის 17 იანვარს. ამავე თარიღში გამოქვეყნდება საგამოცდო ცენტრებისა და გამოცდის სამდივნოების მისამართები.
გამოცდების ჩატარების წესისა და პირობების გაცნობის მიზნით ეწვიეთ ბმულს:
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულება