ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია უზრუნველყოს ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების და საარჩევნო გარემოს შექმნა. დღევანდელი შეხვედრის თემა მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის პროექტი იყო.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს დღეს წარვუდგინეთ ახალი პროექტი, გზამკვლევი, რომელიც მიზნად ისახავს კერძოდ მხარდაჭერის მიმღებ პირთა ინფორმირებასა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ინსტრუქციის მომზადებას. გზამკვლევის სრულყოფის მიზნით ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მოსმენა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდს (IFES), რომლის ექსპერტული ჩართულობით და მონაწილეობითაც შემუშავდა ეს დოკუმენტი “ - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
გზამკვლევის პროექტზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა, სოფიო სიჭინავამ. საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს ჯგუფის წევრებმაც.
“გზამკვლევში ასახულია მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველა პროცედურა - არჩევნების მნიშვნელობის შესახებ, საარჩევნო პროცედურების შესახებ, ასევე კომუნიკაციის იმ საშუალებების შესახებ, რომელიც უშუალოდ მხარდაჭერის მიმღებ პირს შეუძლია საარჩევნო პროცესში ჩართულობისთვის გამოიყენოს “, - განაცხადა სოფიო სიჭინავამ.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის სამუშაო შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა.