2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგების IV ეტაპი იწყება. აღნიშნული წარმოადგენს გადამზადების შემაჯამებელ ეტაპს, რომლის სამიზნე აუდიტორიად განსაზღვრულია საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი).
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენინგზე განიხილება საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების მანდატს მიკუთვნებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, როგორიცაა: საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; საარჩევნო უბნის დახურვიდან ხმების დათვლის პროცესის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო უფლებამოსილებები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა; კენჭისყრის პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.
საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, განგრძობითი სწავლების ფორმატში იმუშავებენ კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების პრაქტიკულ გამოყენებაზე, რომლის მეშვეობითაც, 1 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები მოემსახურებიან ამომრჩევლებს.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები საუბნო საარჩევნო კომისიების IV ეტაპის ტრენინგებს მიმდინარე წლის 23-25 სექტემბრის პერიოდში ჩაატარებენ. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
2023 წლის 17-21 სექტემბრის პერიოდში გამართულ III ეტაპის ტრენინგებზე თითოეულმა საუბნო საარჩევნო კომისიამ, ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შემადგენლობით, გაიარა მოსამზადებელი ფაზა კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირებების ჩატარების გზით. მასში მონაწილეობა 133 საუბნო საარჩევნო კომისიის 1333-მა წევრმა მიიღო. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.