საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ტრენინგი „საარჩევნო დავების განხილვა - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები“ გაიარეს. ტრენინგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელმა მარკუს ადელსბახმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის შესწავლა, განხილვა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას.
ტრენინგი ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის პროექტისა და ვენეციის კომისიის მიერ ერთობლივად შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს: „საარჩევნო დავების განხილვა - მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო საარჩევნო დავებზე სამართალწარმოების გაუმჯობესებისათვის“ საფუძველზე ევროსაბჭოს ექსპერტმა მაია ვაჩაძემ ჩაატარა. მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ელექტრონული საშუალებებით ხმის მიცემის სამართლებრივი, ოპერაციული და ტექნიკური სტანდარტები; ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული ელექტრონული ხმის მიცემის სტანდარტების თაობაზე რეკომენდაცია; ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსის სახელმძღვანელო მითითებები; საარჩევნო დავების განხილვა - ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები: დემოკრატიული არჩევნების პრინციპები; საარჩევნო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა; საარჩევნო დავებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების პრაქტიკის მიმოხილვადა სხვა თანმდევი საკითხები.
ტრენინგში მონაწილეობა ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა, იურიდიული და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტებისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს. ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა.