საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების და წევრების სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადება დაიწყო.
აღნიშნული სიახლეს წარმოადგენს და საარჩევნო რეფორმას ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სერტიფიკატის ფლობა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების ასარჩევად სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა.
სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადების პროცესში სწავლების ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების შემუშავება, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების ფუნქციების შესაბამისად მოიცავს საკითხებს საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან. პროფილურად შედგენილი საგამოცდო ტესტები მათ შორის ითვალისწინებს კითხვებს კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტებზე.
სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები ცესკომ მიმდინარე წლის 25 მაისის სხდომაზე დაამტკიცა, კერძოდ, 146 ტესტი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების გამოცდისთვის და 87 ტესტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირებისთვის. პროფილური ტესტები ხელმისაწვდომია ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების ტესტები
დაინტერესებული მოქალაქეების სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადების ხელშეწყობის მიზნებისთვის, შემუშავებული ტესტების კატალოგი მოიცავს თემატურად დალაგებულ საკითხებს, ტესტზე სწორი პასუხის მითითებით. აღნიშნული ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება გამოცდების ჩატარებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვს ტესტების კორექტირებას.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია დამტკიცებული ტესტების თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე (სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე). თარგმნილი ტესტები ასევე გასაჯაროვდება ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე.
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების და წევრების სასერტიფიკაციო გამოცდების გამოცხადება დაგეგმილია მიმდინარე წელს. საგამოცდო ვადებს და ლოკაციებს (ადგილებს) განსაზღვრავს ცესკო, ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი.
სასერტიფიკაციო გამოცდები ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები დეტალურად იხილეთ დებულებაში.