2023 წლის 11 აპრილიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები იწყება.
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, სწავლება სამ ეტაპად ჩატარდება, მათ შორის, საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების გადამზადებას ორი ეტაპი დაეთმობა. საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი წევრებისა და იმ წევრებისთვის, ვინც ვერ დაესწრო განვლილი ტრენინგების ეტაპებს, გათვალისწინებულია დამატებითი ეტაპის ტრენინგების ჩატარება.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით სწავლების ცენტრის მიერ შემუშავდა პროფილური სასწავლო პროგრამა, რომლის მიხედვით:
- 117 საარჩევნო უბანი გადამზადდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის რეგულაციებზე;
- 47 საარჩევნო უბანი - ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის განხორციელების პროცედურებზე.
ტრენინგების I ეტაპი ეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) გადამზადებას.
117 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის განკუთვნილი I ეტაპის სატრენინგო პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
- ტექნოლოგიური სიახლეები (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის ფუნქციონირება და გამოყენების წესი; ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ფუნქციონირება და გამოყენების წესი, ცესკოსთვის კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ინფორმაციის გადაცემა);
- ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის აუდიტის დადასტურების პროცესი;
- კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა საორგანიზაციო ფუნქციები, მათ შორის, განცხადებების მიღება ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში რეგისტრაციასა და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით; გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენა და საჯაროობა; წილისყრით გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლენა;
- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა;
- საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ინვენტარისა და საარჩევნო დოკუმენტაციის მიწოდებისა და საარჩევნო უბნებიდან მასალების უკან დაბრუნების წესი.
კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების ფუნქციონალის შესწავლის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები განახორციელებენ აპარატების მუშაობის მოდელირებას სინქრონული სწავლების ფორმატში.
117 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 56 ტრენერი.
47 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის განკუთვნილი I ეტაპის სატრენინგო პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს:
- კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა საორგანიზაციო ფუნქციები, მათ შორის, განცხადებების მიღება ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში რეგისტრაციასა და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით; გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენა და საჯაროობა;
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის გახსნის პროცესში;
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო/მაკონტროლებელი ფუნქციები კენჭისყრის პროცესში;
- საარჩევნო უბნის დახურვა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები ხმის დათვლის პროცედურისთვის მზადების მიმართულებით; ხმების დათვლის პროცესის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა;
- საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა;
- საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებისათვის ინვენტარისა და საარჩევნო დოკუმენტაციის მიწოდებისა და საარჩევნო უბნებიდან მასალების უკან დაბრუნების წესი.
47 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ტრენინგების განხორციელებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 9 ტრენერი.
I ეტაპის ტრენინგები 2023 წლის 11 აპრილს ჩატარდება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის, სწავლების ცენტრმა საარჩევნო კომისიების წევრებისა და სხვა ჩართული მხარეებისთვის მოამზადა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.