სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ შემუშავებულ პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამას „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“ აკრედიტაცია მიენიჭა.
პროგრამის ხარისხის კონტროლს და შესაბამისი აკრედიტაციის მინიჭებას სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. 2023 წლის 28 მარტს გამართულ აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა სწავლების ცენტრს ერთხმად მიანიჭეს აკრედიტაცია პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის განსახორციელებლად.
აკრედიტაციის პროცესის ფარგლებში, საბჭომ დაადასტურა დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა და დადებითად შეაფასა სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამა, სწავლების ცენტრის სატრენინგო ინფრასტრუქტურა (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა), პროგრამის დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართული ტრენერებისა და სწავლების ცენტრის სხვა შესაბამისი თანამშრომლების კვალიფიკაცია.
სწავლების ცენტრის აკრედიტებული პროგრამის მიზანია საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილებების განსახორციელებლად აუცილებელი ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა, საჯარო სამსახურში მაღალი პროფესიული სტანდარტის დამკვიდრების და საჯარო დაწესებულების გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
„პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი“ განკუთვნილია III და IV რანგის საჯარო მოხელეებისთვის. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამას გადის პირი, რომელიც ღია ან დახურული კონკურსის საფუძველზე პირველად ინიშნება მოხელის თანამდებობაზე. ამასთან, საჯარო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, საბაზისო პროგრამის გავლა შეუძლიათ სხვა მოხელეებსაც.
კურსი მოიცავს შემდეგ საგნებს: ეთიკა საჯარო სამსახურში; ადმინისტრაციული წარმოება; პროფესიული კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა; ეფექტიანი მომსახურება და დროის მართვა. პროგრამას წარუძღვება 19 მაღალკვალიფიციური ტრენერი, მათ შორის, სწავლების ცენტრის 6 თანამშრომელი, ასევე ტრენერთა ასოციაციისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ტრენერთა ბაზებიდან მოწვეული ტრენერები. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მოხელის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობისთვის აუცილებელი კომპეტენციების ფლობას.
სწავლების ცენტრის პროგრამა ეხმიანება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პირების სისტემურად პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.