საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) საოლქო საარჩევნო კომისიებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება კომპლექსური პროცესია - მოითხოვს ამომრჩევლების ქცევის ტრანსფორმირებისთვის აუცილებელი საინფორმაციო პროგრამების განხორციელებას, ასევე სერვისის მიმწოდებელი საარჩევნო კომისიების პროფესიული უნარების განვითარებას. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა აღნიშნეს, ცესკო და სწავლების ცენტრი გეგმავს სამუშაო შეხვედრების ციკლს საარჩევნო ადმინისტრატორებთან, რაც ხელს შეუწყობს რეფორმით შემოთავაზებული სიახლეების გაცნობას და კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების ეფექტიანად მართვას.
აღნიშნული მიზნით, მიმდინარე წლის 27 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით სწავლების ცენტრი ინსტრუქტაჟს უტარებს 63 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს (სრული შემადგენლობით), რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების მუშაობის წესს.
სამოქმედო გეგმის შესაბამისად სწავლების ცენტრის წარმომადგენლები, 18-25 აპრილის პერიოდში, საინფორმაციო შეხვედრებს ასევე გამართავენ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებში ჩართული 10 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (5 წლის ვადით არჩეული და საარჩევნო პერიოდისთვის პარტიების მიერ დანიშნული წევრების შემადგენლობით). ინსტრუქტაჟი მოიცავს აპარატების ფუნქციონირების პრაქტიკული ასპექტების გაცნობასა და საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელი სხვა საკითხების განხილვას.