2023 წლის 2 მარტს, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) ტრენერის პროფესიული უნარების განვითარების სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყო.
ღონისძიება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. როგორც ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, კენჭისყრის პროცესში რეფორმის შესაბამისად შემოტანილი ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლება და ჩართული მხარეების ინფორმირება სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს და სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად განისაზღვრა ტრენერთა კორპუსის განვითარება-გაძლიერების აუცილებლობა.
პოტენციური ტრენერების რესურსის გადამზადების მიზნებისთვის სწავლების ცენტრმა შეიმუშავა პროფილური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს ტრენერის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ შემდეგ ძირითად საკითხებს: ტრენინგის დაგეგმვა და სტრუქტურა; ტრენინგის პროგრამის დიზაინი; ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია; ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები; ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენისა და გამოყენების ტექნიკა; პრეზენტაციის და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები. პროგრამის ბენეფიციარები ასევე გაეცნობიან ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის განხორციელების ასპექტებს.
სასწავლო პროგრამა 12 მარტის ჩათვლით განხორციელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ 2023 წლის 20 იანვარს გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე პოტენციურ ტრენერებად შერჩეული 120-მდე პირი.
ტრენინგები სამ ნაკადად, ექვს ჯგუფს ჩაუტარდება (I ნაკადი: 2-4 მარტი; II ნაკადი: 6-8 მარტი; III ნაკადი: 10-12 მარტი). თითო ჯგუფისთვის განსაზღვრულია სამდღიანი პრაქტიკული სწავლება, რომლის ჩატარებას სწავლების ცენტრის თანამშრომლები უზრუნველყოფენ. სასწავლო პროგრამის გავლის შედეგების შესაბამისად, გათვალისწინებულია ტრენერთა რესურსის ჩართულობის შესაძლებლობა ცესკოს და სწავლების ცენტრის ეგიდით განსახორციელებელ სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამებში.