საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს. სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს, დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში არჩევნების როლზე და საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვაზე ისაუბრა.
“ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საარჩევნო პროცესისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის. საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ, თავიანთ პირველ არჩევანს გაკეთებენ 2024 წლის არჩევნებზე, მაშინ როდესაც დღეს არსებული ინიციატივის ფარგლებში ფართომასშტაბიანად იქნება დანერგილი ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.
ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილების, ასევე ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებული საპილოტე პროექტების შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდებს ცესკოს წავლების ცენტრის ტრენერებმა ნინო კიკალიშვილმა და ცოტნე ზაბახიძემ მიაწოდეს. ახალგაზრდები ასევე დეტალურად გაეცნენ და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.
ცესკოში მოსწავლეთა ვიზიტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, პროექტის- "პოლიტიკური განათლების სკოლა" ფარგლებში განხორციელდა.