2022 წლის პირველი ოქტომბრის სენაკის საკრებულოს შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების, მათ შორის სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატის გამოყენებით ჩატარდება. აპარატის პრეზენტაცია დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გაიმართა და მას ცესკოს ხელმძღვანელი პირები, წევრები, სწავლების ცენტრის და აპარატის თანამშრომლები დაესწრნენ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ეს სიახლე ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო გაჯანსაღებას და დახვეწას.
„სენაკის შუალედური არჩევნები არის მორიგი შესაძლებლობა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომ უზრუნველვყოთ ტექნოლოგიური საშუალებების ტესტირება და პილოტირება. შესაბამისად, ეს არჩევნებიც არ არის გამონაკლისი და გარკვეული სიახლეები გვექნება ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც გულისხმობს ვერიფიკაციის აპარატების სინქრონიზებას. ეს არის დამატებით ახალი მოდული, რომელიც საერთაშორისო ვენდორმა კომპანიამ ჩვენი მოთხოვნით მოამზადა“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
სენაკის შუალედურ არჩევნებზე სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები სამივე საარჩევნო უბანზე იქნება გამოყენებული. ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლება მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა, რაც თავის მხრივ შეამცირებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა რიგებს.
სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით სენაკის საოლქო და საუბნო კომისიის წევრები შესაბამის გადამზადებას 16 სექტემბრიდან გაივლიან.