სწავლების ცენტრმა, პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში 9 უმაღლეს სასწავლებელში საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამა განახორციელა.
სემესტრული სწავლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ალტე უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 399 სტუდენტმა (ქალი - 252, კაცი - 147) გაიარა.
პროგრამის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები არჩევნებთან დაკავშირებით დეტალურად გაეცნენ შიდასახელმწიფოებრივ რეგულაციებს და განიხილეს საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით ექვს უნივერსიტეტში გაიმართა მოდელირებული სასამართლო პროცესები. მოცემული კომპონენტი ახალგაზრდების პროფესიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
სიახლის სახით, საარჩევნო ადმინისტრაციის და სწავლების ცენტრის პარტნიორობით, უნივერსიტეტებში მიმდინარე სემესტრული სასწავლო კურსის ფარგლებში ჩატარდა საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების საინფორმაციო შეხვედრების ციკლი სტუდენტებთან. აღნიშნული ინიციატივა საინფორმაციო კამპანიის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანიც საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩევლებთან კომუნიკაციის გაძლიერება და მათთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხზე ინფორმაციის მიწოდებაა. ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირების ზრდაზე ორიენტირებით, საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებმა სტუდენტებს საარჩევნო რეფორმის სიახლეები გააცნეს, ასევე გაუზიარეს ინფორმაცია ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისების და იმ ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ბოლო პერიოდში საარჩევნო პროცესში პილოტის სახით განახორციელა.
საგანმანათლებლო პროგრამის დასასრულს, 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით, სტუდენტებმა ფინალური გამოცდები ჩააბარეს. სწავლების ცენტრის ლექტორებმა სასწავლო პროცესი პირისპირ და ონლაინ პლატფორმების გამოყენებით წარმართეს.
საარჩევნო სამართლის სასწავლო პროგრამის მორიგი ეტაპი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაიწყება. სწავლების ცენტრის საავტორო პროგრამა 2010 წლიდან ხორციელდება, დღემდე კურსი 7000-მდე სტუდენტმა გაიარა. 2022 წლიდან თანამშრომლობის არეალი გაიზარდა და პროგრამას ახალი პარტნიორი უნივერსიტეტი ალტერბრიჯი შემოუერთდა.