2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მიმდინარე ტრენინგებზე ინტენსიური პრაქტიკული სწავლება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენას ეთმობა. ამ საკითხზე საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განმტკიცების მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, დამატებითი რესურსის სახით შესაბამისი ელექტრონული სასწავლო პროგრამა შეიმუშავა.
აღნიშნულ ელექტრონულ სასწავლო პროგრამას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (თავმჯდომარე, მდივანი) მათთვის პირისპირ ფორმატში, ცენტრალიზებულად, ჩატარებული პროფილური ტრენინგების დასრულებისთანავე გაივლიან. ელექტრონულ სასწავლო რესურსზე წვდომა უზრუნველყოფილი იქნება საარჩევნო ოლქის შენობებში კომპიუტერული ტექნიკით მოწყობილ შესაბამის სივრცეში.
ამ ეტაპისთვის პირისპირ ტრენინგების ციკლი დასრულდა №20 რუსთავის და №21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 117 საუბნო საარჩევნო კომისიისთვის. 23 მარტს ჩატარებული VI ეტაპის ტრენინგები დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლებას (დეტალური სტატისტიკა მოცემულია ბმულზე). 24-28 მარტის პერიოდში, 117 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და მდივნები შემაჯამებელი ოქმის შედგენის საკითხზე ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას გადაამოწმებენ პრაქტიკის მიზნებისთვის დამატებითი რესურსის სახით შემუშავებული ელექტრონული პროგრამის „კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა“ მეშვეობით (გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე).