2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 23 მარტს განხორციელდება ტრენინგების VI ეტაპი, რომელიც ეთმობა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) პროფილურ გადამზადებას.
ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის, ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა; საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები; არჩევნების უსაფრთხოება; კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.
ამასთან, გათვალისწინებულია ინტენსიური პრაქტიკული სწავლება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე.
საუბნო საარჩევნო კომისიების VI ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები. ტრენინგების დეტალური გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების V ეტაპის ტრენინგები 2022 წლის 19-21 მარტის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღო 117 საუბნო საარჩევნო კომისიის 825 წევრმა. დეტალური სტატისტიკა მოცემულია ბმულზე.
განსხვავებული გრაფიკით წარიმართება ტრენინგები ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც საარჩევნო კომისიების წევრები დამატებით გადამზადდებიან კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე. ტრენინგები 26 მარტიდან განხორციელდება. დეტალური გრაფიკები ეტაპობრივად გასაჯაროვდება სწავლების ცენტრის ვებგვერდზე.