მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრმა სატრენინგო კონცეფცია განაახლა და პროგრამის განმახორციელებელ 144 ტრენერს შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარა.
1830 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგები ოთხ ეტაპად ჩატარდება, მათ შორის სამი ეტაპი საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების გადამზადებას დაეთმობა, ხოლო დანარჩენი წევრები ტრენინგებს ერთ ეტაპად გაივლიან.
მნიშვნელოვანია, რომ N4 კრწანისის საარჩევნო ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში კვლავ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარდებათ პროფილური სასწავლო პროგრამით, პროცედურული სპეციფიკის გათვალისწინებით.
შესაბამისი ტრენინგები ასევე განხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 8 საარჩევნო უბნის სპეციალური ჯგუფების და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სპეციალური ჯგუფების წევრებისთვის.
არჩევნების I ტურის მაგალითზე საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის პროცესში იდენტიფიცირებულ ხარვეზებზე აქცენტირებით ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება. საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები განახლებული სატრენინგო კონცეფციის ფარგლებში ყოველ ეტაპზე ინტენსიურ გადამზადებას გაივლიან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შევსების ტექნიკაზე. ამასთან, გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა მიერ კენჭისყრის დღეს შესასრულებელი სხვა ფუნქციების არსებითი განხილვა და მათი შესრულების პრაქტიკა, შესაბამისი ეპიზოდური ინსცენირებებისა და სხვა სავარჯიშოების ფორმატში.
საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ტრენინგებზე კომისიების წევრთა მაქსიმალური დასწრება და ჩართულობა. სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით წარიმართება. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი ტესტის ჩატარება.
კონცეფციის შესაბამისად ტრენინგების ჩატარება გათვალისწინებულია შემდეგ პერიოდში:
დაზუსტებული გრაფიკები სწავლების ცენტრისა და ცესკოს ვებგვერდებზე გასაჯაროვდება. ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.