ინფორმაცია გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი “სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუტების და პროცესების გაძლიერება“ ერთობლივი პარტნიორობით აგრძელებს სასწავლო პროგრამას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებისათვის, რომლის ფარგლებშიც განახორციელებს ტრენინგებს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისათვის.
ტრენინგები განხორციელდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - დაეთმობა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (13 წევრი) სწავლებას, შემდეგ საკითხებზე:
- საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობა და უფლებამისილების ვადა
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის წესი პირველ სხდომაზე (როლური თამაში)
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებები
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს
- კენჭისყრის პროცესი
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები
განხორციელების პერიოდი: 23-25 სექტემბერი, 2012 წელი
II ეტაპი - დაეთმობა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის (13 წევრი) პრაქტიკულ სწავლებას, რაც მოიცავს კენჭისყრის დღის ინსცენირებას.
განხორციელების პერიოდი: 26 - 28 სექტემბერი, 2012 წელი (კონკრეტული თარიღი, დრო და ადგილი გამოქვეყნდება ცენტრის ვებ-გვერდზე II ეტაპის დაწყების წინ)
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სწავლებისათვის ცენტრის მიერ მომზადდა:
- ელექტრონული სასწავლო პროგრამა
- პრაქტიკული სავარჯიშოები
- კენჭისყრის დღის ინსცენირებისათვის საჭირო მასალები
მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ტრენინგი ჩაუტარდა ავღანეთში განლაგებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში პროპორციული წესით საქართველოს პარლამენტის არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 4 აგვისტოს N122/2012 განკარგულების საფუძველზე, შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების განსახორციელების მიზნით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფის წევრებს.