საარჩევნო ადმინისტრაციაში ტრენერთა ტრენინგი გრძელდება. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა გადამზადების მეორე ეტაპი დღეს დაიწყო.
მსმენელები სამდღიან სასწავლო კურსს გაივლიან, შემდეგ კი ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას უკვე საუბნო საარჩევნო კომისიების 63 000-მდე წევრს გაუზიარებენ.
ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა სასწავლო კურსის მონაწილეებს განუცხადა, მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების მაღალ დონეზე ჩასატარებლად.
„საერთო ჯამში გადამზადდება 202 ტრენერი. ეს ტრენინგი ზოგადად, მთლიანი საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ ადამიანებმა შემდეგ უნდა უზრუნველყონ დაახლოებით 63 ათასი საარჩევნო ადმინისტრატორის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გადამზადება, მათი კომპეტენციის განვითარება და გაძლიერება, იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს, ჩვენს ამომრჩევლებს აბსოლუტურად მომზადებულები დავხვდეთ, და იმისთვის, რომ შევძლოთ კიდევ ერთხელ ჩავატაროთ ქვეყანაში მაღალი სტანდარტების შესაბამისი არჩევნები“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
„ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში გადამზადებული 202 ტრენერი 25 აგვისტოდან 27 სექტემბრის ჩათვლით ინტენსიურ სწავლებას ჩაუტარებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. ძალზე მნიშვნელოვანია აღნიშნული ტრენინგები, ვინაიდან მიზანმიმართულია იმისკენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტიანობა კიდევ ერთხელ გაიზარდოს. სწორედ ამ აქცენტებზე დაყრდნობით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები გაივლიან ინტენსიურ სწავლებას იმ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს მათ მიერ განსახორციელებელ საქმიანობას. ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდის და გააუმჯობესებს კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებისთვის და სხვა ჩართული მხარეებისთვის მისაწოდებელ სერვისს და, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს უსაფრთხო გარემოში არჩევნების ორგანიზებულად და წარმატებულად განხორციელებას“, - განაცხადა ნათია ზაალიშვილმა.
ტრენერთა ტრენინგები 11 აგვისტოს დაიწყო და 21 აგვისტომდე გაგრძელდება.