სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
2021 წლის 7 აპრილიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება. სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი), თბილისისა და ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:
- ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N138 (ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა);
- ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის გამზირი N31 (N59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2021 წლის 23 მარტის 10:00 საათიდან პირველი აპრილის ჩათვლით, 24:00 საათამდე, დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
გამოცდაზე დისტანციურად, ელექტრონული ფორმით, რეგისტრაციის ინსტრუქცია:
- გამოცდის ჩაბარების მსურველი ავსებს ელექტრონული განაცხადის ველებს - პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით) და გვარი;
- ამის შემდეგ ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი ველები - სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი;
- სასურველია გამოცდის ჩაბარების მსურველმა ასევე შეავსოს საკონტაქტო ინფორმაციის ველები - ტელეფონი და ელ-ფოსტა;
- გამოცდის ჩაბარების მსურველი შეხედულებისამებრ ნიშნავს პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის ველს (თანხმობის საფუძველზე, გამოცდის ჩაბარების მსურველის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაიცემა საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში);
- გამოცდის ჩაბარების მსურველი რეგისტრაციისას შეხედულებისამებრ არჩევს გამოცდის ჩაბარების ადგილს (თბილისი ან ქუთაისი), ასევე, გამოცდაზე გამოცხადების თარიღსა და დროს (საათი).
შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).
რეგისტრაციის მიზნით მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა მიმართონ თბილისის ან ქუთაისის საგამოცდო ცენტრს, 2021 წლის 23 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირისა და უქმე დღეების გარდა. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად გამოცდის ჩაბარების მსურველმა უნდა წარადგინოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.
სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ თბილისის ან ქუთაისის საგამოცდო ცენტრს, 2021 წლის 23 მარტიდან პირველი აპრილის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირისა და უქმე დღეების გარდა. საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა (ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ). აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით, ჩატარდება წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით.
გამოცდის მიმდინარეობისას დაცული იქნება პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. პრევენციული ზომებიდან გამომდინარე, გამოცდის ჩაბარების მსურველი, ასევე დამკვირვებელი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს სამედიცინო პირბადით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 261 21 11 (17)