საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) პრეზიდენტი გახდა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ACEEEO-ს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ასოციაციის 29-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 2020 წელს საქართველოში გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ACEEEO-ს გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი ესწრებოდნენ.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა ლუბლიანაში ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის 28-ე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, სადაც კონფერენციის თემა „საარჩევნო უფლებების სამართლებრივი უზრუნველყოფა და არჩევნების გამჭვირვალობა“ იყო. გიორგი შარაბიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „საარჩევნო უფლებების სამართლებრივი უზრუნველყოფა და პრაქტიკული პერსპექტივები“. მან წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც ეხება საქართველოს ცესკოს გამოცდილებას საარჩევნო დავების გადაწყვეტისა და სასამართლოებთან ურთიერთობის საკითხებში.
კონფერენციას, რომელიც 24-26 სექტემბერს გაიმართა ACEEEO-ს წევრი ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
***
ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO) დღეს 24 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციას აერთიანებს და მიზნად ისახავს ინსტიტუციონალიზმისა და პროფესიონალიზმის გაძლიერებით ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განვითარებას საერთაშორისო დონეზე.
ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია, რომელსაც 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, ყოველწლიურად ატარებს საერთაშორისო კონფერენციას და ორიენტირებულია უმნიშვნელოვანესი საარჩევნო თემების განხილვაზე, მათ შორის არჩევნების გამჭვირვალობაზე, საარჩევნო ტექნოლოგიებზე, საარჩევნო კამპანიების დაფინანსების რეფორმაზე, მოქალაქეთა ჩართულობაზე საარჩევნო პროცესებში, მათი ცნობიერების ამაღლებაზე და ა.შ. ეს შეხვედრები ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს საარჩევნო მოხელეებისთვის და არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის, ვინაიდან საარჩევნო პროცესების მართვისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით ხდება გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო დონეზე.
ასოციაციის შექმნის იდეას პირველად 1991 წელს ჩაეყარა საფუძველი უნგრეთში გამართულ ცენტრალური ევროპის საარჩევნო სისტემების სიმპოზიუმზე.
დეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://aceeeo.org/en