საარჩევნო ადმინისტრაციას თბილისის 64-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე არჩევნების მნიშვნელობაზე და საარჩევნო პროცესში მოქალაქეების ჩართულობაზე ესაუბრა.
გიორგი შარაბიძემ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე. მან ასევე ისაუბრა დამოუკიდებელ საქართველოში პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა მაია ზარიძემ სემინარი სახელწოდებით - „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩაატარა. სემინარის ფარგლებში მოსწავლეებისთვის, ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრის პროცესი: ახალგაზრდებმა პრაქტიკაში განახორციელეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გადის.
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა ცესკოში არსებული ისტორიული ფოტო-გამოფენა და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს; მათ ინფორმაცია მიიღეს ისტორიული დოკუმენტებისა და არსებული მასალების შესახებ.