საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა I ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლებას.
პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:
- საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღემდე პერიოდში;
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო, საზედამხედველო და რეაგირებითი უფლებამოსილებები კენჭისყრის დღეს საარჩევნო ოპერაციების მართვის პროცესში;
- კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
- ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
- საოლქო საარჩევნო კომისიასთან კომუნიკაცია/კოორდინაცია;
- კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შევსება.
საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.
ჩატარებულ ტრენინგებს 2 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის და 9 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლები დაესწრნენ (სულ - 66 დამკვირვებელი):
- ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი (OSCE/ODIHR);
- ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI);
- ახალგაზრდული ცენტრი-ჩვენი თაობა 1921;
- დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;
- საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი;
- ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისთვის;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი;
- საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი;
- საზოგადოებრივი დამცველი;
- საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო.
I ეტაპის ტრენინგი გაიარა 3637 საუბნო საარჩევნო კომისიის 9663 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის კაცი - 2404, ქალი - 7259. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.