დღეს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობას არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიმართულებით. უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო გულისხმობს ისეთი პირობების უზრუნველყოფას, რაც ქმნის ძალადობისა და ზეწოლის გარეშე ამომრჩევლის კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობასა და გარანტიას არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ საქმიანობის სრულყოფილად განსახორციელებლად.
თანამშრომლობის ფარგლებში ცესკოს სწავლების ცენტრმა შეიმუშავა სასწავლო მოდული საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებისთვის, რომელშიც განსაზღვრულია არჩევნების უსაფრთხოების მიზნით ეფექტიანი კომუნიკაციის ფორმები საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ასევე, კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად რისკების მართვის საშუალებები და რეაგირების გზები.
სწავლების ცენტრმა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, სასწავლო მოდული „არჩევნების უსაფრთხოება“ გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებს, ყვარელში 29 აგვისტოდან 19 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გამართულ ტრენინგებზე. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, ტრენერები, თავის მხრივ, აღნიშნულ საკითხზე ტრენინგს ჩაუტარებენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად გასულ წელს გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მხარეებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის ტრენინგები და სამუშაო შეხვედრებიც გამართეს.