ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით დღეს გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კაჭრეთში ორგანიზებულ ღონისძიებაზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენების აკრძალვა და საჯარო მოხელეების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.
შეხვედრაში მონაწილეობენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იურიდიული მიმართულებით მომუშავე სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, ასევე იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის წევრები.
სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის ნათია ზაალიშვილის განცხადებით საკითხები, რომელიც შეხვედრაზე განიხილება არსებითად მნიშვნელოვანია, ვინაიდან არჩევნების სანდოობის ხარისხი დიდწილად არის დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით შეასრულებს არჩევნებში ჩართული თითოეული მხარე მასზე კანონით დაკისრებულ ფუნქციებს.
„ამ ტიპის შეხვედრა წელს პირველად ხორციელდება. ეს არის ცესკოს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ვინაიდან ვმსჯელობთ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც არჩევნების ჩატარებისთვის ძალიან საყურადღებოა და ეს შეეხება აგიტაციის წესებს, საჯარო მოხელეების მონაწილეობას აგიტაციაში, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას და ამომრჩევლის მოსყიდვის თემებს; ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ შედეგად, აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ამ შეხვედრაში მონაწილეობენ მათ დაწესებულებებში დასაქმებულ მოხელეებს მიაწვდიან მეტ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებში მათი უფლებების შესახებ,“ - აღნიშნა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ანასაშვილმა.
„თითოეული უწყებისთვის თემები, რასაც დღეს ჩვენ განვიხილავთ არის ძალიან საინტერესო და სასარგებლო, ვინაიდან არ უნდა მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად, კანონდარღვევით გამოყენება,“ - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ოქროპირიძემ.
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ორგანიზებით და სწავლების ცენტრის ჩართულობით გამართული შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს ერთგვაროვანი პრაქტიკის გაზიარებას და უწყებებისთვის ზემოაღნიშნული მიმართულებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, ხვალ დასრულდება.