2011 წლის 13 ივნისს, 15.00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში”, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე წარმომადგენლების მიერ შეჯამდა 2010 წლის 28 სექტემბერსა და 2 დეკემბერს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საარჩევნო სამართალში განხორციელებული სასწავლო კურსი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და ცენტრი აგრძელებს პროექტს სამოქალაქო განათლების მიმართულებით, ამ მიზნით გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რაც ხელს შეუწყობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
ასევე, 2010 წლის 28 სექტემბერს გაფორმებულ მემორანდუმს ხელმომწერ მხარედ შემოურთდა საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ღონისძიებაზე სერტიფიკატები გადაეცათ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საპილოტე პროგრამის ”იურიდიული კლინიკის” პირველი ნაკადის სტუდენტებს.
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროგრამას მემორანდუმის ფარგლებში განახორციელებენ ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრას დაესწრნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ცენტრის წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, დეკანები, ”იურიდიული კლინიკის” სტუდენტები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.