მიმდინარე წლის 12 – 15 ივნისს საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) და ნამიბიის საარჩევნო კომისიის მიწვევით ცესკოს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები ნამიბიაში ქ. სვაკოპმუნდში იმყოფებოდნენ, სადაც მე-12 საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გააკეთა მოხსენება საარჩევნო პროცესებზე ტრენინგების მნიშვნელობის თემაზე და სიმპოზიუმის მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება საქართველოში დანერგილი სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული სხვა მხარეების საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობას. ცესკოს წევრმა ირაკლი ხორბალაძემ ისაუბრა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხზე და არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიების ფარგლებში გამართული სესიებისა და დისკუსიების თემები ასევე მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ამომრჩევლებისათვის საარჩევნო გარემოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ელექტრონული კენჭისყრის ტექნოლოგიების გაუმჯობესება, არჩევნების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდა, სოციალური მედია და ოპერაციული ტექნოლოგიები ეფექტური და სანდო არჩევნებისთვის, საარჩევნო პროცესის მოდერნიზაცია მინიმალური შეფერხებებით.
სიმპოზიუმს ესწრებოდნენ საერთაშორისო დონის ექსპერტები და სპეციალისტები მსოფლიოს ქვეყნებიდან, მათ შორის: ნამიბია, კამერუნი, კენია, განა, მოზამბიკი, ბურკინა - ფასო, გაიანის რესპუბლიკა, ტანზანია, ინდოეთი, ალბანეთი, ბოტსვანა, ლესოტო, კანადა, რუმინეთი, ასევე, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი International IDEA, გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, The DELIAN project და სხვ.
სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა, როგორც საერთაშორისო საარჩევნო კონკურსის კომისიის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ასევე ნამიბიაში მიმდინარე წლის 16 – 18 ივნისს გამართულ სამუშაო შეხვედრებში, რომელიც ეთმობოდა 2016 წლის დეკემბერში დაგეგმილი საერთაშორისო საარჩევნო კონკურსის ჩატარების საკითხებს. კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან - ევროპარლამენტის, ვენეციის კომისიის, ეუთოს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) წარმომადგენლები.