სწავლების ცენტრმა საინფორმაციო-სასწავლო პროექტისთვის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ტრენერთა (ToT) მომზადება დაიწყო. 27 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, თბილისში, 50 ტრენერი საჭირო გადამზადებას გაივლის, რომლებიც შემდგომ სასწავლო პროექტს განახორციელებენ 21 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 73 საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას.
ტრენერები, რომლებიც გადამზადებას გადიან, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები არიან. კურსის გავლის შემდეგ, ტრენერები საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეასწავლიან, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. კურსის ბოლოს მოსწავლეები იმიტირებულ არჩევნებს ჩაატარებენ, რომლის პირობებშიც გამოვლინდება თავად მოსწავლეების მიერ ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავებული სლოგანებიდან გამარჯვებული სლოგანი.
საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“კონცეფცია იხილეთ ბმულზე.