მიმდინარე წლის 4 თებერვალს, არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სწავლების ცენტრს პარტნიორი შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის, სამართლის, ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა საარჩევნო თემატიკაზე ისტორიული ფოტო-გამოფენა დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია განათლების კუთხით დანერგილი სასწავლო პროგრამების, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწვლების ცენტრის საქმიანობის შესახებ.
მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულად ეწყობა ცესკოსა და სწავლების ცენტრში, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო კულტურის განვითარებასა და ახალგაზრდების მოტივირებას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. არჩევნების საერთაშორისო დღე ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება.