სწავლების ცენტრმა საინფორმაციო-სასწავლო პროექტისთვის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ტრენერთა (ToT) მომზადება დაიწყო. 6 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, თბილისში, 27 ტრენერი საჭირო გადამზადებას გაივლის, რომლებიც შემდგომ სასწავლო პროექტს პილოტის ფორმატში პირველ ეტაპზე განახორციელებენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 14 რეგიონსა და 8 მაღალმთიან რეგიონში განლაგებულ 75 საჯარო სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის ხელშეწყობას.
ტრენერთა ტრენინგის დაწყებამდე, მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი მიესალმნენ, რომლებმაც აღნიშნული პროექტის მნიშვნელობის საკითხებზე ისაუბრეს.
ტრენერები, რომლებიც გადამზადებას გადიან, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები არიან. კურსის გავლის შემდეგ, ტრენერები საჯარო სკოლებში მოსწავლეებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეასწავლიან, როგორიცაა: არჩევნების ისტორიული ექსკურსი და თანამედროვეობა, არჩევნები და დემოკრატია, საარჩევნო ადმისტრაცია და ამომრჩეველი, არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები. კურსის ბოლოს მოსწავლეები იმიტირებულ არჩევნებს ჩაატარებენ, რომლის პირობებშიც გამოვლინდება თავად მოსწავლეების მიერ ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით შემუშავებული სლოგანებიდან გამარჯვებული სლოგანი.
საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“კონცეფცია იხილეთ ბმულზე.