მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს სწავლების ცენტრში გაიმართა ტრენინგი საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებისთვის ცესკოში დამკვირვებელი ორგანიზაციის სტატუსით რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.
ტრენინგი გახსნა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა, რომელმაც ისაუბრა არჩევნებში ჩართულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებულ საინფორმაციო-სასწავლო პროექტებზე. ტრენინგის მონაწილეებს ასევე მიესალმა ცესკოს წევრი გიორგი ჭიქაბერიძე, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დამკვირვებლის როლი საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 9 არასამთავრობო ორგანიზაციის 17 წარმომადგენლმა (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი, საზოგადოებრივი დამცველი, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო, ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია, სამოქალაქო მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭო, სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი, თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია).
განხორციელებული სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირებულობის უზრუნველყოფასა და სადამკვირვებლო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობას.
ტრენინგის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები „კენჭისყრის დღის პროცედურები“.